დღესდღეობით თითქმის ყველა წარმატებულ ტელეკომპანიას საკუთარი ვებ გვერდი აქვს. ჩვენი დაკვირვების ობიექტები ტელეკომპანია "იმედის" , "კავკასიისა" და "რუსთავი 2"- ის ვებ გვერდები გახლავთ.
სამივე ვებგვერდზე იხილავთ ტელეპროგრამას, რაც მათ უპირატესობად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ მაინც ძალიან დიდი განსხვავებების პოვნაც არის შესაძლებელი.
მაგალითად, ძალიან საინტერესო და უცნაური ფაქტი გახლავთ ის, რომ "კავკასიის" ვებგვერდზე ახალი ამბების განყოფილება ცარიელია. ანუ ინფორმაციის ვებგვერდზე მოთავსება არ ხდება საერთოდ. "კავკასიის" საიტზე შეგიძლიათ მხოლოდ პირდაპირი ეთერის ყურება და გადაცემების ფორმატების შესახებ ინფორმაციის მიღება. დიზაინის მხრივაც ეს ვებგვერდი არაფრით გამოირჩევა.
იმედსა და რუსთავი2-ს რაც შეეხება, მათი ვებგვერდები თითქმის ერთი და იგივე შინაარსის გახლავთ. ამ ვებგვერდებზე ხდება ყოველდღიურად ახალი ამბების განახლება, მოცემულია ტელეპროგრამების მოკლე აღწერა, ერთი სიტყვით თითქმის აკმაყოფილებენ ტელე არხის ვებგვერდის ყველა მოთხოვნას. მაგრამ ძალიან გამიკვირდა, როდესაც "იმედის" ვებგვერდზე პირდაპირი ეთერის ბმული ვერ მოვძებნე. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ტიპის ვებგვერდის ერთ-ერთი მთავარი პლუსი სწორედ პირდაპირი ეთერის ტრანსლაცია გახლავთ.
დიზაინის მხრივ სამივე ვებგვერდი განსხვავდება. "რუსთავი 2"- ის ვებგვერდზე დომინირებს ლურჯი ფერები. მთავარი გვერდი, ჩემი აზრით, ზედმეტად გადატვირთულია, რაც თვალისათვის დამღლელია. "იმედის" შემთხვევაში უფრო ნათელი ფერებია გამოყენებული, გადაცემების რეკლამაც ერთ დიდ ბანერად არის გამოტანილი, რაც თვალისთვის უფრო მარტივი აღსაქმელია.
ამ საკითხს რომ ჩავუღრმავდეთ, ალბათ უფრო მეტი შეცდომების აღმოჩენას შევძლებთ. იქამდე კი ვხედავთ, რომ სამივე ვებგვერდს აქვს თავისი პლუსები და მინუსები, შეიძლება ეს იმას მივაწეროთ, რომ ტელეკომპანიები არ ანიჭებენ ვებგვერდების დამუშავებასა და დახვეწას ძალიან დიდ მნიშვნელობას.