ამჯერად, ჩვენი განხილვის საგანი რეგიონალური ტელევიზიების ვებგვერდები გახდა. საქართველოში დღესდღეობით ოცდაათამდე რეგიონალური ტელეკომპანია მოღვაწეობს. ჩვენი არჩევანი აქედან სამი ტელეკომპანიის ვებგვერდზე შეჩერდა - თრიალეთი, რიონი და ტელეკომპანია 25.
ტელეკომპანია თრიალეთმა 1990 წლიდან დაიწყო მაუწყებლობა. მისი მაუწყებლობა გორის, კასპის, ხაშურის, ქარელისა და ცხინვალის რეგიონებს მოიცავს. თრიალეთის ვებ გვერდი საკმაოდ კარგად ემსახურება თავის დანიშნულებას. ვებგვერდზე განთავსებულია ახალი ამბები, რომლებიც ყოველდღიურად ახლდება. ასევე ვებგვერდი გვთავაზობს გადაცემების შესახებ მოკლე ინფორმაციას, პირდაპირ ეთერს და გადაცემების ფართო არქივს, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ნებისმიერ დროს უყუროს მისთვის საინტერესო გადაცემასა თუ საინფორმაციო გამოშვებას. ძალიან საინტერესოა, ვებგვერდის ფოტო გალერეა, სადაც შეხვდებით როგორც თანამშრომლების ფოტოსურათებს, ასევე საინტერესო სტუმრებისა და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველ ფოტო მასალას. დიზაინიც მარტივი და სრულიად მისაღებია, ვებგვერდი ორ ფერშია გაფორმებული, არ არის ზედმეტი ფერები და რეკლამებიც ზომიერად არის შეჯერებული. ვებგვერდზე ნავიგაცია ძალიან მარტივი და ყველასათვის გასაგებია, რაც ტელეკომპანიის ვებგვერდისათვის დიდი პლუსია.
ტელეკომპანია რიონი 1989 წელს დაარსდა. მისი სამაუწყებლო არეალი იმერეთის რეგიონს მოიცავს. ვებგვერდი ძალიან ზედაპირულია. ახალი ამბების განყოფილება ცალკე არ არის გამოყოფილი, განთავსებული ინფორმაცია ძალიან მწირი და ზერელეა. ინფორმაციის განახლება ყოველდღიურად არ ხდება, რაც ტელეკომპანიის ვებგვერდისათვის საზიანოდ შეიძლება ჩაითვალოს. ვებგვერდის მთავარ გვერდზე გადაცემების მოძრავი ბანერია განთავსებული, რომელიც ძალიან უხარისხოდ არის შესრულებული. აქაც შეგხვდებათ ფოტო გალერეა, მაგრამ თრიალეთისაგან განსხვავებით, აქ მხოლოდ ტელეკომპანიის თანამშრომლების სურათებია წარმოდგენილი. ვებგვერდზე ფუნქციონირებს პირდაპირი ეთერი და გადაცემების არქივი.
"ტელეკომპანია 25" 1993 წლიდან მაუწყებლობს, მისი მაუწყებლობის არეალი მოიცავს ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ოზურგეთის ნაწილს და ზღვისპირა ზოლს სარფიდან ქალაქ ფოთამდე. ამ ტელეკომპანიის ვებგვერდი მეტნაკლებად კარგად არის დაბალანსებული. ინფორმაციის განახლება ყოველდღე ხდება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მხოლოდ რამოდენიმე ნიუსია წარმოდგენილი. ვებგვერდი გვთავაზობს პირდაპირ ეთერს და ვიდეო არქივს. გადაცემების მოკლე აღწერის განყოფილებაში,ინფორმაცია წარმოდგენილია მხოლოდ ორი გადაცემის შესახებ, გადაცემების ჩამონათვალში კი 6 გადაცემაა წარმოდგენილი. დიზაინის მხრივ, ვებგვერდი კარგად არის შესრულებული. მარტივი ინტერფეისი და სასიამოვნო ფერები მომხმარებელს უადვილებს საჭირო ინფორმაციის მოძიებას.
No comments:
Post a Comment